ყველა სტატია

საკურიერო მომსახურებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების შრომის უსაფრთხოება

Untitled 1

წინამდებარე სტატია ეხება ორ აქტუალურ სფეროს – საკურიერო მომსახურების თანამშრომლებსა და თბილისის შიდა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ხაზებზე
მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების შრომის პირობებს; სტატიის მიზანია მიკროავტობუსის მძღოლებისა და კურიერების შრომის პირობებისთვის ხაზგასმა. პირველ რიგში, ვისაუბრებთ მიკროავტობუსებისა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების წინაშე არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ:

  • არაფორმალური შრომითი ურთიერთობა, რაც თანამშრომლებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებასა და სისრულეში მოყვანას აფერხებს;
  • არანორმირებული სამუშაო საათები, მძღოლები მუშაობენ საშუალოდ 15-16 საათი დღეში;
  • არანორმირებული სამუშაო საათებიდან გამოწვეული გადაღლა და შრომის პირობები, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, სტრესს და ნერვულ აშლილობას;
  • გადაღლილობისგან გამოწვეული ყურადღების შემცირება მიკროავტობუსის მართვისას, მგზავრების გადაყვანის დროს.

შრომის უსაფრთხოება სატრანსპორტო სფეროში ძირითადად არ რეგულირდება. ხშირად, მძღოლებს მთელი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, უწევთ მუშაობა. სამუშაო დრო, დღის განმავლობაში 15-16 საათს უტოლდება, რაც ზედმეტად საფრთხის შემცველია. ევროპული სტანდარტის მიხედვით, მძღოლის სამუშაო დრო ყოველდღიურად არ უნდა აღემატებოდეს 9 საათს.
2020 წლის 7 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6 499 დასაქმებულიდან მხოლოდ 3 349-ს აუნაზღაურდა; ხოლო 2018 წელს 6 649 დასაქმებულიდან 3 446 პირს. ამასთან, 2017 წელს, კვირაში 48 საათზე მეტხანს ავტობუსის 1 398-დან 1 379-მა მძღოლმა იმუშავა, ხოლო 2018 წელს – 1 438-დან 1 420-მა. ეს ნიშნავს იმას, რომ დასვენების პერიოდი ყოველდღიურად მინიმალური და შესაძლოა არასაკმირისი ყოფილიყო დახარჯული ძალების აღსადგენად.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, მუშაობის ასეთი განრიგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რაც შესაძლოა გახდეს სხვადასხვა პროფესიული დაავადებების მაპროვოცირებელი. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები დგანან ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, მიოზიტის, პროსტატიტის, მომატებული წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკის წინაშე. სწორედ ამიტომ, საჭიროა დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა.

გარდა ამისა, მძღოლთა გადაღლილობა და სტრესი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფაქტორს ამ საქმიანობაში. დღეში 15-16 საათიანი მუშაობისას მძღოლი ზედმეტად იტვირთება, ზედმეტი დატვირთვა კი ყურადღების მოდუნებას იწვევს, რაც თავის მხრივ შესაძლოა, სავალალო შედეგებით დასრულდეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მგზავრებთან კომუნიკაციმ კი შესაძლოა სტრესი გამოიწვიოს, რაც სხვადასხვა ფსიქო-ემოციური გამოვლინებებით გამოიხატება.
ასეთი სურათი საჭიროებს დროულ რეაგირებას და უფრო საფუძვლიან შესწავლას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის დარღვევები, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.

მეორეს მხრივ, გვსურს გავამახვილოთ ყურადღება საკურიერო მომსახურებაზეც რაც ჩვენს ქალაქში ძალზედ აქტუალური სერვისია. საზოგადოების კომფორტი არ უნდა ღირდეს სხვა ადამიანის ჯანმრთელობის ფასად, შესაბამისად მნიშვნელოვანია მსგავს სფეროში მოქმედ პირებს, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია არსებული რისკების თაობაზე.

საკურიერო მომსახურება, ეხება ეს წერილობით გზავნილებს, საკვებ პროდუქტებს, მძიმე ინვენტარს თუ სხვა ნებისმიერ ნივთს/საქონელს დღევანდელი რეალობის აუცილებელი სერვისია. შესაბამისად, კურიერების რაოდენობა მაშტაბურად და ყოველდღიურად იზრდება. მაშინ როდესაც მომხმარებლების კმაყოფილება იზრდება, იმატებს იმ უბედური შემთხვევების რაოდენობაც, რაც ამ მომსახურების გაწევასთან არის დაკავშირებული. უსაფრთხოება გზებზე, შესაბამისი ინვენტარის და დაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს ამ სფეროში, ვინაიდან მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობა. კომპანიები ვალდებულნი არიან კურიერებს გადასცენ არა მხოლოდ საქონლის გადასატანი ინვენტარი, არამედ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიც.

ორივე სექტორში მძღოლებს ევალებათ უმოკლეს დროში შეასრულონ დავალება, რაც მათ აიძულებთ იმოძრაონ სწრაფად. ეს, თავის მხრივ წარმოადგენს უდიდეს რისკს. ამას გარდა, მოპედის მძღოლების ერთ-ერთ პროფესიულ რისკს და საფრთხეს ქუჩაში მოძრაობის დროს წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კურიერების უმეტესობა 20 წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

საკურიერო შრომის რისკები და საშიშროებებია:

  • საგზაო მოძრაობა (ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი);
  • დროის ფაქტორი (დროულად მიტანა);
  • სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული რისკები (დაზიანებული ან გაუმართავი მოპედით გადაადგილება, რისი გამართვაც დაკავშირებულია ხარჯებთან და ეკისრება თავად კურიერს);
  • მძიმე ტვირთის გადატანა (მძიმე საქონლის გადაზიდვა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წელის და ზურგის პრობლემები);
  • ვიბრაცია;
  • ცუდი ამინდი;
  • შეუსაბამო ტანსაცმელი და დამცავი ტანსაცმლის ნაკლებობა (ჟილეტები, ჩაფხუტი);
  • კლიენტებთან კონტაქტი (აგრესიული მომხმარებლები);
  • ღამის საათებში მუშაობა (ძილიანობა, დაბალი კონცენტრაცია, გაფანტულობა);
  • ნაღდი ანგარიშსწორების მიღების რისკი (ქურდობის რისკი).

რისკების შესამცირებლად აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • ტრენინგი;
  • შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი, ჩაფხუტი და ა.შ.
  • მოპედის უსაფრთხოების შემოწმება;
  • წონის შეზღუდვის დაწესება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ამ ორ სფეროში მომუშავე პირები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზეც, რომლებიც მათ მომსახურებას იყენებენ.
კომპანია გერგილი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, რათა დაგეხმაროთ სამუშაოს ჯეროვნად და უსაფრთხოდ შესრულებაში.