ყოველწლიურად საქართველოში ასობით კომპანია გადის შრომის ინსპექციის შემოწმებას, რომლის დროსაც ხშირად იკვეთება სერიოზული ხარვეზები. ბევრი ორგანიზაცია ვერ ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ მოწესრიგებული აუცილებელი დოკუმენტაცია, არ ატარებენ სავალდებულო ტრენინგებს, ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს და ა.შ. შედეგი საკმაოდ მძიმეა – ჯარიმები, სამართლებრივი სირთულეები და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხე.
შრომის უსაფრთხოების კანონის მიზანი მხოლოდ კონტროლი ან სანქციების დაწესება არ არის, ის ემსახურება იმ სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული სამუშაო ადგილი უსაფრთხოა და თითოეული თანამშრომელი – დაცული. შესაბამისად, კომპანიამ უსაფრთხოება უნდა აღიქვას როგორც ბიზნესის განუყოფელი ნაწილი და არა როგორც ფორმალური მოთხოვნა. როდესაც ორგანიზაცია გეგმავს, ახორციელებს და მონიტორინგს უწევს შრომის უსაფრთხოების პროცესებს, ის ქმნის სტაბილურ და პასუხისმგებლიან სამუშაო გარემოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პროდუქტიულობასა და თანამშრომელთა ნდობას ზრდის.
დღეს, როცა შრომის ინსპექცია მკაცრად აკონტროლებს რამდენად თანხვედრაშია ამა თუ იმ კომპანიაში შრომის უსაფრთხოება კანონით გათვალისწინებულ ნორმებთან, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ: რას მოითხოვს ეს კანონი და ვის რა ვალდებულება აკისრია? რამდენად მზად არის თქვენი კომპანია, რომ დააკმაყოფილოს უსაფრთხოების სტანდარტები და აირიდოს თავიდან არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ რეალური რისკები, რომლებიც სამუშაო გარემოში თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს?
კანონი, რომელიც თანამშრომელს და კომპანიას იცავს
შრომის უსაფრთხოების კანონი საქართველოში ქმნის მყარ საფუძველს სისტემური და პროგნოზირებადი სამუშაო გარემოსთვის. ეს არის ერთგვარი პრევენციული ჩარჩო, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, თავიდანვე სწორად დაგეგმონ და მართონ რისკები. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სექტორებში, სადაც ფიზიკური საფრთხეები ყოველდღიური რეალობაა, მაგალითად: მშენებლობა, ენერგეტიკა, მრეწველობა და ა.შ.
კანონი დეტალურად განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო სივრცე, რა ტიპის აღჭურვილობა უნდა გამოიყენოს პერსონალმა და როგორ უნდა განხორციელდეს მონიტორინგი. ის ასევე ითვალისწინებს სპეციალურ მოთხოვნებს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოებისთვის, რაც კომპანიებს დამატებითი ზომების მიღებას ავალდებულებს.
გარდა ტექნიკური რეგულაციებისა, კანონი ხაზს უსვამს თანამშრომლის უფლებებს – ისინი უნდა იყვნენ სრულად ინფორმირებულნი და უნდა ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ უსაფრთხო გარემოში იმუშავებენ. ეს ხელს უწყობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პასუხისმგებლობის თანაბარ განაწილებას, რაც საბოლოოდ ჯანსაღ და ნდობაზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას აყალიბებს.
ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხო სამუშაო გარემოზე?
უსაფრთხოება არ იქმნება მხოლოდ დოკუმენტებითა და პროცედურებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, სწორედ აქ იკვეთება პასუხისმგებლობის პრაქტიკული ასპექტი: ვის რა როლი აქვს ამ პროცესში და როგორ უნდა შესრულდეს ეს როლი ეფექტურად.
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ არსებობდეს პასუხისმგებელი პირი ან ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას, ტრენინგების ჩატარებას, ინციდენტების აღრიცხვას და იზრუნებს პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამ სტრუქტურის გარეშე, მნიშვნელოვანი საკითხები შესაძლოა ყურადღების მიღმა ხშირად დარჩეს. რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოების მენეჯმენტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური პოზიცია, არამედ რეალური ფუნქცია, რომელიც ინტეგრირებული იქნება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
გარდა ორგანიზაციული სტრუქტურისა, უსაფრთხოების კულტურა მყარად უნდა განმტკიცდეს ყველა დონეზე – ხელმძღვანელობიდან რიგით თანამშრომლებამდე. ეს კი ითვალისწინებს არა მხოლოდ დასაქმებულების ინფორმირებას, არამედ მოტივირებასაც: მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თითოეულის ჩართულობა მნიშვნელოვანია და რომ უსაფრთხოების წესების დაცვა პირველ რიგში მათ პირად ინტერესში შედის. ამისთვის კი აუცილებელია რეგულარული კომუნიკაცია, უკუკავშირის სისტემების არსებობა და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომელი საკუთარ მოსაზრებას თავისუფლად გამოხატავს.
დამსაქმებლის ვალდებულებები: სამი მთავარი მიმართულება
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დამსაქმებელს აკისრებს კონკრეტულ და დეტალურად გაწერილ ვალდებულებებს, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის რისკების შეფასება – ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ საფრთხეების იდენტიფიცირებას, არამედ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს პერიოდულად განახლებადი, რათა სამუშაო გარემოში არსებული ცვლილებები უსაფრთხოების სტრატეგიაში დროულად აისახოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დოკუმენტაციის მართვა, რომელიც ხშირად განიხილება როგორც ტექნიკური დეტალი, თუმცა რეალურად უსაფრთხოების პოლიტიკის ხერხემალს წარმოადგენს. შიდა წესების ჩამოყალიბება და ადმინისტრაციული ჩანაწერების წარმოება ქმნის იმ ბაზას, რომლის გარეშეც ორგანიზაციას პრაქტიკულად არ აქვს საშუალება დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს თანამშრომელთა მომზადებას. ტრენინგები და ინსტრუქტაჟები უნდა აღიქმებოდეს როგორც უწყვეტი პროცესი, რომელიც პერსონალს რისკების გაცნობიერებაში ეხმარება.
დასაქმებულის ვალდებულებები: პასუხისმგებლობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შრომის უსაფრთხოება ორმხრივი პროცესია. თუ დამსაქმებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს, დასაქმებული ვალდებულია თავადაც იზრუნოს კოლეგებისა და საკუთარ უსაფრთხოებაზე. კანონი მკაფიოდ ადგენს დასაქმებულის ვალდებულებებს, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
დასაქმებულის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ყველა სავალდებულო ინსტრუქტაჟსა და ტრენინგში. ამ პროცესის იგნორირება კი პირდაპირ გამორიცხავს თანამშრომლის სამუშაო პროცესში ჩართვას, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ექნება საჭირო ცოდნა და უნარები.
დასაქმებულს ევალება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ყველა შიდა წესი და ინსტრუქცია, რომლებიც ორგანიზაციაში მოქმედებს. ეს მოიცავს როგორც სამუშაო პროცესის რეგულაციებს, ისე კონკრეტულ ქცევით ნორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას. მან უნდა გამოიყენოს მისთვის გადაცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, იქნება ეს ჩაფხუტი, ხელთათმანი, სათვალე თუ სხვა აღჭურვილობა და თავი შეიკავოს ნებისმიერი თვითნებური ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის როგორც საკუთარ, ისე კოლეგების ჯანმრთელობას.
საგულისხმოა, რომ კანონი დასაქმებულს აძლევს უფლებას, უარი თქვას სამუშაოს შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ არსებული პირობები საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დროულად გამოიძიოს სიტუაცია, შეაფასოს საფრთხის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი ზომები მის აღმოსაფხვრელად.
სანქციები და პასუხისმგებლობა – ის, რაც თითოეულმა კომპანიამ უნდა იცოდეს
შრომის უსაფრთხოების ვალდებულებების უგულებელყოფა უპასუხოდ არასდროს რჩება. ნებისმიერი დარღვევა პირდაპირ აისახება კომპანიის სამართლებრივ მდგომარეობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე. შრომის ინსპექცია პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს, რათა შეამოწმოს, რამდენად სრულდება შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტულ სამუშაო გარემოში. თუ შემოწმებისას გამოვლინდა ხარვეზები, იქნება ეს დოკუმენტაციის ნაკლებობა თუ უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, გამოიყენოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები – ეს შეიძლება მოიცავდეს სოლიდურ ჯარიმებს, საქმიანობის დროებით შეჩერებას ან სხვა სანქციებს, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს კომპანიის რეპუტაციაზე.
გერგილის მხარდაჭერა: სამართლებრივი დაცვა და სისტემური მხარდაჭერა
იმის გათვალისწინებით, რომ შრომის უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობა არაპროგნოზირებად სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს იწვევს, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორის არსებობა, რომელიც მათ უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებაში დაეხმარება.
„გერგილი’’ სწორედ ასეთი პარტნიორია – პროფესიონალური მხარდაჭერითა და სისტემური მიდგომით. ,,გერგილის’’ გუნდი შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა და კომპანიებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც პრევენციულ, ისე რეაგირებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს. ეს კი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გონივრულად დაგეგმონ უსაფრთხოების სტრატეგია, სწორად შეაფასონ რისკები და შექმნან პროცესები, რომლებიც სრულად შეესაბამება როგორც შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს, ისე კონკრეტული სექტორის სპეციფიკას.
