phone-icon
(+995) 593 11 90 10
(+995) 599 27 00 49

ბლოგი

სახანძრო უსაფრთხოება სამუშაო სივრცეში – პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისთვის

სახანძრო უსაფრთხოება
სამუშაო გარემოს უსაფრთხოება ნებისმიერი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. თანამშრომლების ჯანმრთელობა, კომპანიის რეპუტაცია და ფინანსური სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად ეფექტურად არის ორგანიზებული უსაფრთხოების სისტემა. ამ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახანძრო უსაფრთხოებას, რადგან ხანძრის შემთხვევა შეიძლება წამებში გადაიქცეს კატასტროფად. სწორედ ამიტომ, კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ მკაფიო სტრატეგია, რომელიც მოიცავს პრევენციას, რეაგირებას და თანამშრომლების ჩართულობას.

სარჩევი

მიიღეთ უფასო პირველადი კონსულტაცია
დაგვიკავშირდით

სამუშაო სივრცეში ხანძრის ყველაზე გავრცელებული რისკები

ელექტრული სისტემები – უხილავი საფრთხე

ელექტრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ხანძრის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ წყაროს სამუშაო სივრცეში. ძველ შენობებში არსებული გაყვანილობა, რომელიც დაპროექტებული იყო ნაკლები დატვირთვისთვის, ვერ უმკლავდება თანამედროვე ოფისის საჭიროებებს. კომპიუტერების, პრინტერების, კონდიციონერებისა და სხვა მოწყობილობების ერთდროული გამოყენება ხშირად იწვევს ქსელის გადატვირთვას. შედეგად, სადენები გადახურებას იწყებს, რაც ზრდის ხანძრის გაჩენისა და სწრაფი გავრცელების რისკს.

დამატებით საფრთხეს ქმნის არასტანდარტული და არალიცენზირებული ელექტრო აქსესუარები. ხშირად თანამშრომლები იყენებენ დაბალი ხარისხის გამანაწილებლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და ზრდის გადახურებისა და ხანძრის რისკს. პრობლემას წარმოადგენს ტექნიკის დაუდევარი ექსპლუატაციაც – როდესაც მოწყობილობები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს გამორთვის გარეშე, ან დაზიანებული სადენები დროულად არ იცვლება. 

პრობლემის მასშტაბი განსაკუთრებით იზრდება იმ კომპანიებში, სადაც ელექტრო სისტემების რეგულარული ინსპექტირება არ ხორციელდება. უხილავი დეფექტები: იზოლაციის დაზიანება, დენის გაჟონვა და ა.შ. – დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდი პრობლემის სათავე ხდება. განსაკუთრებულად სახიფათოა ღამის საათები და უქმე დღეები, როდესაც შენობაში არავინ იმყოფება.

აალებადი მასალების შენახვის წესის დარღვევა

აალებადი მასალების არასწორი შენახვა კიდევ ერთი კრიტიკული პრობლემაა. საწარმოო სივრცეებში ხშირად ინახება ქიმიური საშუალებები, საღებავები, გამხსნელები და სხვა აალებადი ნივთიერებები, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ პირობებს – კარგ ვენტილაციას, ცეცხლგამძლე კარადებს და სხვ. მაგრამ რეალურად ეს მასალები ხშირად ინახება ხელმისაწვდომ, არაორგანიზებულ სივრცეებში.

საწყობებსა და შესანახ ზონებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკი ზედმეტი მარაგების დაგროვებაცაა. ქაღალდის პაკეტები, მუყაოს ყუთები და სხვა ერთი შეხედვით უსაფრთხო, თუმცა ძლიერ აალებადი მასალები, სწრაფად იქცევა პოტენციურ საწვავად. მსგავსი საფრთხე მხოლოდ საწარმოო ან სასაწყობე გარემოს არ ეხება – ოფისებიც კი, სადაც ძირითადი რესურსი ქაღალდი და დოკუმენტაციაა, შეიძლება მაღალი რისკის ზონად იქცეს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დოკუმენტები, სათანადო სისტემატიზაციისა და რეგულარული გადახედვის გარეშე, არქივებში წლების განმავლობაში გროვდება.

პრობლემის სირთულეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ბევრ კომპანიაში არ არის განსაზღვრული მკაფიო წესები – რა რაოდენობის მასალის შენახვაა დასაშვები, კონკრეტულად სად უნდა განთავსდეს იგი და რა პერიოდულობით უნდა დახარისხდეს. შედეგად, მარაგები უკონტროლოდ გროვდება, იკავებს და ბლოკავს ევაკუაციის გზებს, ხოლო ხანძრის შემთხვევაში მნიშვნელოვნად აჩქარებს ცეცხლის გავრცელებას და ზრდის ზიანის მასშტაბს.

ადამიანური ფაქტორი – დაუდევრობის ფასი

ხანძრის გამომწვევ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ ადამიანური ფაქტორიც – მაგალითად, მწეველი თანამშრომლების დაუდევრობა ხშირად ხდება ინციდენტების წყარო. განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ის გარემოება, როდესაც მოწევა ნებადართულია ისეთ სამუშაო სივრცეში, სადაც აალებადი მასალებია თავმოყრილი. ასეთ პირობებში მცირე დაუდევრობაც კი საკმარისია, რომ ხანძრის კერა სწრაფად გადაიქცეს მასშტაბურ პრობლემად.

გათბობის გამოყენება სამუშაო სივრცეში ხშირად ზრდის დამატებით რისკებს, მით უფრო მაშინ, როცა თანამშრომლები იყენებენ პირად ელექტრო გამათბობლებს, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ არის და უსაფრთხოების სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. მსგავსი მოწყობილობები განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როდესაც სამუშაო საათების შემდეგ ისინი ჩართულ მდგომარეობაში რჩება.

პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს საგანგებო სიტუაციების დროს თანამშრომლების არასაკმარისი ინფორმირებულობა. როდესაც სამუშაო გარემოში ჩნდება კვამლი ან მცირე ალის კერა, დასაქმებულები ხშირად ვერ ხვდებიან, რა ნაბიჯი უნდა გადადგან, ასეთ ყოყმანსა და გაურკვევლობაში კი იკარგება ფასდაუდებელი წუთები და მცირე ინციდენტიც კი შესაძლოა სერიოზულ კრიზისში გადაიზარდოს. 

ტექნიკური საფრთხეები და სპეციალური ზონები

თანამედროვე ოფისის ტექნიკური აღჭურვილობა ქმნის სპეციფიკურ ხანძარსაშიშ რისკებს, განსაკუთრებით სამზარეულოს ზონაში, სადაც თანამშრომლები ამზადებენ ან ათბობენ საკვებს. ელექტრო ქურები, მიკროტალღური ღუმელები, ტოსტერები და ჩაიდნები ხშირად რჩება ჩართული, რაც ზრდის ინციდენტების ალბათობას. 

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სერვერების ოთახები და IT ინფრასტრუქტურა. მოწყობილობები, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობს და ინტენსიურად გამოიმუშავებს სითბოს, საჭიროებს ეფექტური გაგრილების სისტემების, მუდმივი მონიტორინგისა და ტექნიკური კონტროლის არსებობას. სერვერის ოთახში ხანძარი მხოლოდ აპარატურის დაზიანებას არ ნიშნავს, იგი საფრთხეს უქმნის ციფრული მონაცემების უსაფრთხოებას, რომელთა დაკარგვაც ბიზნესისთვის შეიძლება კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების მქონე იყოს.

ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამათბობელი სისტემები, განსაკუთრებით ძველი ტიპის ან არაპროფესიონალურად დამონტაჟებული. მოწყობილობების განთავსება ვიწრო სივრცეებში, არასწორი ინსტალაცია და რეგულარული ტექნიკური მომსახურების ნაკლებობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ხანძრის განვითარებისთვის. კომპანიებმა უნდა გაითავისონ, რომ ყველა ტექნიკური ზონა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და უსაფრთხოების სპეციფიკურ ღონისძიებებს.

როგორ უნდა მოამზადოს კომპანიამ სამუშაო სივრცე ხანძრის პრევენციისთვის?

დიაგნოსტიკა – პრევენციის საფუძველი

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის რისკების შეფასება. ეს არ არის ერთჯერადი ფორმალობა, არამედ სისტემური, ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც მოიცავს თითოეული სართულის, ოთახისა და ფუნქციური ზონის დეტალურ ანალიზს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირება: სერვერის ოთახები, საწყობები, სამზარეულოები, საარქივო სივრცეები და ყველა ზონა, სადაც აალებადი მასალები ინახება.

რისკების შეფასება უნდა იყოს დოკუმენტირებული და პერიოდულად განახლებადი. კომპანიებს მუდმივად ემატება ახალი ტექნიკა, რემონტდება სივრცეები, იცვლება ფუნქციური დატვირთვა. შესაბამისად, რისკების რუკა უნდა განახლდეს მინიმუმ წლიურად ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე იქმნება უსაფრთხოების პერსონალიზებული სტრატეგია, რომელიც ზუსტად შეესაბამება კონკრეტულ სამუშაო სივრცეს.

სახანძრო ინვენტარის სტრატეგიული განლაგება

სახანძრო ინვენტარი: ცეცხლმაქრები, კარადები და სიგნალიზაცია უნდა იყოს სწორად შერჩეული და განთავსებული ისე, რომ თითოეულ თანამშრომელს მათზე წვდომა მარტივად ჰქონდეს. ცეცხლმაქრები უნდა შეირჩეს კონკრეტული ზონის სპეციფიკის მიხედვით: ქაღალდისა და ხის მასალებისთვის, თხევადი ნივთიერებებისთვის ან ელექტრო ტექნიკის დასაცავად. ინვენტარი უნდა განთავსდეს სტრატეგიულად,  მაღალი რისკის შემცველ ზონებში, როგორიცაა სამზარეულოები, სერვერის ოთახები, საწყობები და ა.შ.

ევაკუაციის გეგმა 

ევაკუაციის გეგმა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი – იგი უნდა იყოს მკაფიო, ვიზუალურად დახვეწილი და ადვილად გასაგები. თითოეულ სართულზე განთავსებული დიაგრამები უნდა აჩვენებდეს ყველა შესაძლო გასასვლელს, საფრთხის ზონებს და შეკრების წერტილს შენობის გარეთ. 

ევაკუაციის მარშრუტები უნდა იყოს ნათლად მონიშნული. გასასვლელები ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი, გახსნილი და უსაფრთხო, კარი უნდა იხსებოდეს გარედან, ხოლო გეგმა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სცენარს: ხანძარი დღის ან ღამის საათებში, სამზარეულოში, სერვერის ოთახში და ა.შ.  აუცილებელია კომუნიკაციის სქემის არსებობა და გადაუდებელი სამსახურების ნომრები. საკონტაქტო ინფორმაცია უნდა იყოს განახლებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის.

თანამშრომლების მომზადება – ინვესტიცია უსაფრთხოებაში

თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი გადამწყვეტია ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გადასაქცევად. აუცილებელია პრაქტიკული სწავლებები, რომლებიც მოიცავს პირველადი რეაგირების ტაქტიკას: როდის შეიძლება პატარა კერის ჩაქრობა და როდის არის უცილებელი ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ, რა არის აკრძალული – მაგალითად, დაბლოკილი გასასვლელის გახსნა ან ევაკუაციისას ლიფტის გამოყენება.

უსაფრთხოების ახალ ეტაპზე გადასვლა: თქვენი შემდეგი ნაბიჯი

სახანძრო უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ რეგულაციების შესრულებას, ეს არის თქვენი კომპანიის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი და თანამშრომლებზე ზრუნვის დემონსტრირება. 

ნუ დაელოდებით ინციდენტს. თუ თქვენს კომპანიაში არ ჩატარებულა სახანძრო უსაფრთხოების რისკების აუდიტი ან არ განახლებულა ევაკუაციის გეგმები ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები.

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას:

  • რისკების დეტალური აუდიტი: გამოვავლენთ ყველა ფარულ რისკს.
  • სისტემების დანერგვა: დაგეხმარებით ცეცხლმაქრების, სიგნალიზაციის და ევაკუაციის მარშრუტების სტრატეგიულად განთავსებაში.
  • თანამშრომლების ტრენინგი: ჩავატარებთ პრაქტიკულ სწავლებებს, რათა თქვენმა გუნდმა იმოქმედოს სწრაფად და უშეცდომოდ.

კომპანია ,,გერგილი’’ მზად არის დაგეხმაროთ სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის დანერგვაში. დაუკავშირდით ჩვენს გუნდს დღესვე და ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო სივრცე, სადაც თქვენი გუნდი და კომპანიის რესურსები მაქსიმალურად დაცული იქნება.

უკანასკნელი პოსტები