ყველა სტატია

ნარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის

ნარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის

თბილისის ქუჩებში დილის საათებში დასუფთავების მანქანების ხმაურს ყველა შეჩვეულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სად მიდის ეს შეგროვებული ნარჩენები – პოლიეთილენის ბოთლები, ქაღალდის შეფუთვები, ძველი ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, საკვები ნარჩენები და ა.შ. თითოეული მათგანი, თავის ბუნებით, შესაძლოა ღირებულ რესურსად იქცეს: გადამუშავდეს და ახალი პროდუქტის საწყისი მასალა გახდეს, თუმცა რეალობაში, ეს პოტენციალი ხშირად უგულებელყოფილია.

მრავალფეროვანი ნარჩენები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მოხმარების შედეგია, ერთიანად გროვდება და ზუსტად იდენტურ პროცესს გადის – მათ შორის პლასტმასი, რომელიც შეიძლება იქცეს სამშენებლო კომპონენტად, ქაღალდი, რომელიც ხელახლა გამოყენებადია, ან ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ნაწილები შეიძლება თავისუფლად გადამუშავდეს.

ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ქვეყანა ამ გამოწვევას: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ნარჩენების მართვას სისტემურ დონეზე მოაგვარებს? როგორია სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეების როლი ამ პროცესში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – როგორ შეიძლება ნარჩენები, რომლებიც დღეს ეკოლოგიური პრობლემის წყაროა, ხვალ ეკონომიკურ შესაძლებლობად გადაიქცეს?

ნარჩენების გადამუშავება – სტრატეგია, რეგულაციები, პასუხისმგებლობები და რეალური ნაბიჯები

ნარჩენების გადამუშავება დღეს უკვე თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ეკოსისტემების დაცვას და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფას. საქართველოში, სადაც ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, გადამუშავების სტრატეგია აუცილებელია არა მხოლოდ გარემოს დაცვისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

სტრატეგიულ დონეზე, გადამუშავების პოლიტიკა ეფუძნება „ნარჩენების მართვის კოდექსს’’, რომელიც განსაზღვრავს ნარჩენების ტიპების კლასიფიკაციას, მათი მართვის პრინციპებსა და გადამუშავების პროცესის ძირითად ეტაპებს. ამ კანონმდებლობით, გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპი უკვე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები ვალდებულნი არიან იზრუნონ იმ პროდუქტის შეფუთვაზე, რომელსაც ბაზარზე უშვებენ – ცხადია, ეს ბიზნესს ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს და ამავე დროს ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის. სახელმწიფო ეტაპობრივად ავითარებს ინფრასტრუქტურას, რომელმაც გადამუშავების პროცესში დიდი როლი უნდა ითამაშოს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი.

პასუხისმგებლობები გადანაწილებულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს შორის. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების საწყისი პირობები, ხოლო კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ნარჩენების მართვის გეგმები, შეაფასონ საკუთარი საქმიანობის ეკოლოგიური ზემოქმედება და შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები. ამ პროცესში მოქალაქეების როლიც გადამწყვეტია: ეს ნაბიჯები ვერ იქნება სრულყოფილად ეფექტური, თუ საზოგადოება არ ჩაერთვება დახარისხების პროცესში, არ შეიცვლის ყოველდღიურ ჩვევებს და არ აღიარებს, რომ თითოეული გადაყრილი ბოთლი ან ქაღალდი გარემოზე პირდაპირ მოქმედებს.

ნარჩენების შემცირება და გადამუშავება: პრაქტიკული მიდგომები და სარგებელი გარემოსა და ბიზნესისთვის

როდესაც სტრატეგია და რეგულაციები უკვე განსაზღვრულია, შემდეგი ნაბიჯი მათი პრაქტიკაში დანერგვაა –  სწორედ აქ იწყება ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების რეალური პროცესი. თეორიული ჩარჩო, რომელიც „ნარჩენების მართვის კოდექსით’’ და სხვა სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული, მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა ის ყოველდღიურ ქმედებებში აისახება. 

ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა სახლებიდან, ოფისებიდან, საწარმოებიდან და სკოლებიდან იწყება. როცა პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ორგანული მასალა ცალ-ცალკე იყრება, მათი გადამუშავებაც შესაძლებელი ხდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უნდა დახარისხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები,  რა ტიპის კონტეინერში რა უნდა მოთავსდეს და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო კამპანიები და განათლების სისტემაში ამ თემის ინტეგრაცია შექმნის საფუძველს, რომელიც ნარჩენების მართვას ყოველდღიური ჩვევის ნაწილად აქცევს.

გადამუშავების პრაქტიკული სარგებელი გარემოსთვის მრავალმხრივია. პირველ რიგში, ის ამცირებს ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი მასალების რაოდენობას, რაც პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ დაბინძურებასა და ნაკლებ ზეწოლას ბუნებრივ რესურსებზე. გარდა ამისა, გადამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ენერგიის რაოდენობას, რაც ახალი პროდუქტის ნულიდან წარმოებისთვის იქნებოდა საჭირო. მაგალითად, როცა ალუმინი გადამუშავდება და ხელახლა გამოიყენება, ამ პროცესში 95%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ვიდრე მაშინ, როცა ალუმინი პირველად მოიპოვება და მუშავდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  გადამუშავებული მასალები ხშირად გამოიყენება ადგილობრივ წარმოებაში, რაც ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას. 

ვინ საჭიროებს ნარჩენების მართვის გეგმას: სუბიექტები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზღვარი

ნარჩენების მართვა საქართველოში ფორმალური რეგულაციებიდან პრაქტიკულ პასუხისმგებლობებზე ეტაპობრივად გადადის. ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა შეგროვდეს, დახარისხდეს და გადამუშავდეს ისინი კონკრეტული ორგანიზაციის ან საწარმოს ფარგლებში, თუმცა აქვე ბუნებრივად ჩნდება კითხვა – ვინ არის ვალდებული ასეთი გეგმის შემუშავებაზე და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ეს ვალდებულება?

საქართველოს კანონმდებლობით, ნარჩენების მართვის გეგმის არსებობა სავალდებულოა იმ სუბიექტებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნარჩენების წარმოქმნასთან ან შეიცავს გარემოზე ზემოქმედების რისკს. ეს მოიცავს:

  • მრეწველობისა და წარმოების ობიექტებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ, ქიმიურ ან საშიშ ნარჩენებს.
  • საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები.
  • მუნიციპალურ ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ურბანულ სივრცეში ნარჩენების შეგროვებასა და განთავსებაზე.
  • კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე უშვებენ პროდუქციას შეფუთვით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა არ არის ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებადი.

ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას ნარჩენების ტიპების, მათი წარმოშობის წყაროების, მართვის ეტაპების, გადამუშავების შესაძლებლობებისა და უსაფრთხო განთავსების მექანიზმების შესახებ. ამასთან, გეგმა უნდა იყოს შესაბამისობაში „ნარჩენების მართვის კოდექსთან’’ და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

პასუხისმგებლობის ზღვარი მკაფიოდ არის განსაზღვრული: თუ სუბიექტი არ შეიმუშავებს ნარჩენების მართვის გეგმას, მას შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა ან შეეზღუდოს საქმიანობა. ეს ვალდებულება არის ერთგვარი სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციას რესურსების ოპტიმიზაციაში, რეპუტაციის გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვაში ეხმარება.

ამრიგად, ნარჩენების მართვა საქართველოში აღარ არის მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების საქმე,  ის ეხება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც ქმნის ან განკარგავს ნარჩენებს. გეგმის არსებობა კი არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ თავისი წვლილი შეიტანოს საერთო სივრცის დაცვასა და განვითარებაში.

საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს პერსპექტივა

როგორია საქართველოს პოზიცია გლობალურ კონტექსტში? რამდენად შეესაბამება ჩვენი მიდგომები იმ პრაქტიკებს, რომლებიც წარმატებით მუშაობს სხვა ქვეყნებში? და რაც მთავარია, რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან?

ნარჩენების მართვა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება გვთავაზობს მრავალფეროვან და ეფექტურ მოდელებს, რომელთა ადგილობრივ რეალობაზე მორგებაც თავისუფლად შესაძლებელია. 

წარმატებული საერთაშორისო მაგალითები საქართველოსთვის არა მხოლოდ შთაგონების წყარო, არამედ პრაქტიკული გზამკვლევიც არის და იმისათვის, რომ ნარჩენების მართვა საქართველოში  უფრო ეფექტური პროცესი გახდეს, აუცილებელია: 

  • საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაცია ადგილობრივ კანონმდებლობაში
  • ტექნოლოგიური ინვესტიციების განხორციელება
  • ცნობიერების ამაღლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში
  • კერძო სექტორის წახალისება ინოვაციური გადაწყვეტილებების მისაღებად
  • რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორობა გამოცდილების გაზიარების მიზნით

არჩევანი, რომელიც მომავალს განსაზღვრავს

ნარჩენების მართვა საქართველოში დღეს იმ გზაჯვარედინზე დგას, სადაც თითოეული გადაწყვეტილება არა მხოლოდ გარემოს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს განსაზღვრავს. უკვე ნათელია, რომ სტრატეგიებთან ერთად, საჭიროა სისტემური ცვლილება, რომელიც მოიცავს ყველა დონეს: სახელმწიფო პოლიტიკიდან ინდივიდუალურ ქცევამდე.

ეს ცვლილება იწყება არჩევანით. არჩევანი, რომელიც მოქალაქეს ყოველდღიურად აქვს – გადააგდოს თუ არა პოლიეთილენის ბოთლი შესაბამის კონტეინერში, არჩევანი, რომელიც ბიზნესს აქვს – შეიმუშაოს თუ არა ნარჩენების მართვის გეგმა და არჩევანი, რომელიც სახელმწიფოს აქვს – განავითაროს თუ არა ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემა ისე, რომ ნარჩენების მართვა კულტურის ნაწილი გახდეს.

ამიტომ, თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ვიღებთ, იქნება ეს პოლიტიკის დონეზე, ბიზნესსა თუ სახლში – განსაზღვრავს, როგორი იქნება საქართველო ხვალ. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის და სწორედ ამ პასუხისმგებლობის აღიარებით იწყება რეალური ცვლილება.