საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით ქიმიური ფაქტორები წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებებს სამუშაო სივრცეში, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას და ასევე გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა.
დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;
მცირე და საშუალო საწარმოები ქიმიური ნივთიერებების სამრეწველო ინდუსტრიის 92%-ს იკავებენ. მსგავსი სამუშაო ადგილები სავსეა ქიმიკატებითა და ქიმიური ნივთიერებებით. დამსაქმებლებს ევალებათ უზრუნველყონ, რომ ყველა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, მართვა, შენახვა და ტრანსპორტირება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. ქიმიკატების ინდუსტრია აწარმოებს მრავალი სახის ნივთიერებებსა და პრეპარატებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში გამოყენებისთვის, მათ შორის:
- საბაზისო ქიმიკატები (ნავთობ-ქიმიკატები და წარმოებული ნივთიერებები, ძირითადად არაორგანული ნივთიერებები და პოლიმერები), რაც როგორც წესი, დიდი მოცულობით იწარმოება;
- კონკრეტული პროფესიული ქიმიკატები (აქტიური ინგრედიენტები და კო-ფორმულენტები ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის და მცენარეთა დაცვისთვის, სამრეწველო პროცესების, საღებავებისა და მელნის, დამხმარე საშუალებების, ბიოციდების, საღებავებისა და პიგმენტების დამხმარე საშუალებებისათვის).
- სამომხმარებლო ქიმიკატები (საპნები და სარეცხი საშუალებები, სუნამოები და კოსმეტიკა).
ქიმიური ნივთირებების სამრეწველო სფერო არის ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელსაც აქვს უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი რეგულაციები. აუცილებელია თითოეული დანადგარის რეგულარული შემოწმება, გამოყენება და მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო პროცედურების გატარება. თანამშრომლებს შესაძლოა ახლო კონტაქტი უწევდეთ საშიშ ქიმიკატებთან. მეტად საყურადღებოა, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ეროვნული კომისიის ინფორმაციით საშიში ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 2,300 მუშა იღუპება.
საშიში ქიმიკატების ზემოქმედებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ეფექტი ჯანმრთელობაზე, მაგალითად:
- დაუყოვნებლივი და მწვავე ეფექტები, როგორიცაა მოწამვლა, შეშუპება;
- გრძელვადიანი ეფექტები, მაგალითად, რესპირატორული დაავადებები, პროფესიული სიმსივნე;
- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მაგალითად: კანის დაავადებები, ალერგია, რეპროდუქციული პრობლემები და დეფექტები ახალშობილებში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, თუნდაც დაბინძურებულ ზედაპირთან პირდაპირი კონტაქტით, ძლიერი მჟავების ან სითხეების ორგანიზმში შეღწევით, ჩასუნთქვით.
კანის ქრონიკული ან დროებითი გაღიზიანების მიზეზი ნივთიერებათა ფართო სპექტრი შეიძლება იყოს, მათ შორის გამხსნელები, გამწმენდი საშუალებები, სარეცხი საშუალებები, იზოციანატები, ზეთები და ცხიმი. უფრო მეტიც, კანზე ძლიერმა ზემოქმედებამ, მაგალითად ნედლი მინერალური ზეთით, PAHs ან გარკვეული მძიმე მეტალებით (ქრომი) შეიძლება გამოიწვიოს კანის კიბო.
შრომის საფრთხოების კუთხით, მენეჯმენტის მხრიდან სწორი მიდგომა საიმედო და უსაფრთხო სისტემის შექმნაა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი თუ სამსახური ინტეგრირებული უნდა იყოს ზოგად მენეჯმენტში.
შრომის უსაფრთხოებსი სპეციალისტის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს:
- სამუშაოს ძირეული შესწავლა;
- სამუშაოს გაწევასთან დაკავშირებული რისკების შეფასება თითოეული საფეხურის თანამშრომლისათვის;
- თითოეული დანადგარის რეგულარული შემოწმება და მოვლა-შენარჩუნება;
- თანამშრომლების გათვითცნობიერება აღნიშნულ ქიმიკატებთან შეხებისა და ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით;
- უსაფრთხო სამუშაო სისტემის შემუშავება;
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების კონკრეტული თანამშრომლისთვის სპეციფიური სამუშაოს მიხედვით შერჩევა და მონიტორინგი გამოყენებაზე.
მენეჯმენტის ვალდებულებაა, ჩამოაყალიბოს ორგანიზაციაში შრომისა უსაფრთხოების კულტურა, ხოლო თანამშრომელთა პასუხისმგებლობაა გაითვალისწინონ დამქირავებლისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო პროცესი და საკუთარი შრომისუნარიანობის შენარჩუნება.